English / ქართული / русский /
ხათუნა ბერიშვილი
„მწვანე ეკონომიკა“ - პოსტსაბჭოთა ქვეყნების მდგრადი განვითარების მოდელი

 ანოტაცია. სამრეწველო რევოლუციამ წარმოშვა განვითარების შესაბამისი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც მიიღო „ყავისფერი ეკონომიკის“ სახელწოდება. თანამედროვე გლობალური ფინანსური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური კრიზისების მიზეზები უნდა ვეძებოთ  ბუნებრივი რესურსების ინტენსიური და არარაციონალური  ექსპლუატაციის ნეგატიურ პრაქტიკაში, რომლის შედეგია ფარული ეკოლოგიური კრიზისი. ბუნებრივი კაპიტალის განადგურებაზე კონტროლის საშუალებების არარსებობამ და ეკონომიკური განვითარების მოდელში ურყევმა რწმენამ მიგვიყვანა ეკოსისტემების  დისბალანსამდე. მოცემული პრობლემის გადაწყვეტის გზას წარმოადგენს „მწვანე ეკონომიკა“, რომელიც  ეკონომიკური მეცნიერებისა და პრაქტიკის ამოსავალ დებულებაა. ამით არის მოტივირებული „მწვანე ეკონომიკის“ მზარდი როლი ეკონომიკური თეორიის ძირითადი პოსტულატების ახლებურ აღქმაში.   

სტატიაში გაანალიზებულია „მწვანე ეკონომიკაზე’’ გადასვლის აუცილებლობა, მოცემულია მისი სოციალურ-ეკონომიკური არსი, ძირითადი მიმართულებები და განვითარების პერსპექტივები. ნაჩვენებია პოსტსაბჭოურ ქვეყნებში „მწვანე ეკონომიკაზე’’ გადასვლის სტრატეგიების ფორმირების თავისებურებები და პრობლემები.

საკვანძო სიტყვები: „მწვანე ეკონომიკა’’, ენერგიის განახლებადი წყაროები, დეკაპლინგის ეფექტი,  „მწვანე“ ზრდა, „მწვანე ეკონომიკის’’ სტრატეგიები, პოსტსაბჭოთა ქვეყნები. 

„მწვანე ეკონომიკის“  კონცეფციის ევოლუცია 

        ცნება „მწვანე ეკონომიკა“ სამეცნიერო ბრუნვაში შემოღებულ იქნა 1989 წელს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობისთვის წამყვანი ეკონომისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ მოხსენებაში [1]. 2009 წელს გაეროს პროგრამამ გარემოს საკითხებში, გამოაქვეყნა მოხსენება „მწვანე ეკონომიკის“ შესახებ. „მწვანე ეკონომიკის“ პრობლემა განხილული იყო 2012 წელს დიდი ოცეულის სამიტზე (G20).

      მეცნიერებს შორის არ არსებობს „მწვანე ეკონომიკის“ ერთმნიშვნელოვანი განმარტება. ასე მაგალითად, გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაცია  (UNEP) განმარტავს „მწვანე ეკონომიკას“, როგორც სამეურნეო საქმიანობას, ,,რომელიც ზრდის ადამიანების კეთილდღეობას, უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას და ამავე დროს მნიშვნელოვნად ამცირებს  გარემოსა და ბუნების გაღარიბების რისკებს“ [2].  არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ შექმნილი „მწვანე ეკონომიკის“ კოალიცია განმარტავს მას,  როგორც „მოქნილ ეკონომიკას, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების უფრო მაღალ ხარისხს პლანეტის ეკოლოგიური შეზღუდვების პირობებში“ [3].

       ისეთი ცნებები, როგორებიცაა „მწვანე ეკონომიკა’’,  „მწვანე’’ ზრდა, „მწვანე’’ განვითარება  ზოგჯერ გაიგივებულია ერთმანეთთან.  ამასთან, „მწვანე ეკონომიკა’’ - ეს სამეურნეო საქმიანობაა, რომელიც წარმოების მოდერნიზაციასა და მისი ეფექტიანობის ზრდასთან ერთად ხელს უწყობსცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას; ეკონომიკური განვითარების თავისებური მოდელია, რომელიც „რესურსდანაზოგისა და რესურსეფექტიანობის პირობებში, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით,  დაფუძნებულია მდგრად განვითარებაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესისადმი კომპლექსურ მიდგომაზე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე“ [4]. ზოგიერთი მკვლევარი განსაზღვრავს „მწვანე ეკონომიკას’’, როგორც მდგრადი განვითარების ამოსავალ პირობას.  გერმანელი ეკონომისტი რ. ფიუქსი  ხაზს უსვამს,  რომ მისთვის „დამახასიათებელია ბიოლოგიური ევოლუციისა და ტექნოლოგიების პროდუქტიული სინთეზი“ [4, გვ.37]. ის ამტკიცებს, რომ ეკოლოგიური   ბიოტექნოლოგიური ინოვაციები, ენერგიის განახლებად წყაროებზე და ეფექტიან ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესი საფუძვლად დაედება ეკონომიკურ ზრდას. ამის შედეგად კი მოხდება თანდათანობითი გადასვლა ბიოეკონომიკაზე [4, გვ. 146].  

„მწვანე ეკონომიკის“ განვითარების არგუმენტები 

      „მწვანე ეკონომიკის’’ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ „მწვანე“ ტექნოლოგიებსა და   ენერგეტიკაში მსხვილი ინვესტიციები იწვევს  წარმოების დანახარჯების ზრდასა და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემცირებას. „მწვანე ეკონომიკა“ - მისი ოპონენტების აზრით, მიგვიყვანს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის გაძლიერებამდე, მის ბიუროკრატიზაციამდე. „მწვანე ეკონომიკის’’ კრიტიკოსები თვლიან რომ, თუ მკვეთრად გაიზრდება წარმოებისადმი ეკოლოგიური მოთხოვნები,  მისი განვითარება გამოიწვევს ფასების ზრდას და სამუშაო ადგილების  შემცირებას,  გართულდება ბიზნესის წარმოების პირობები. მათი აზრით, ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირება, როგორც „მწვანე ეკონომიკის“ აუცილებელი პირობა, მიგვიყვანს ეკონომიკური ზრდის  შენელებამდე და ცხოვრების დონის შემცირებამდე. ამასთან ერთად, „მწვანე“ განვითარების ოპონენტები თვლიან, რომ „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირება შეიძლება იყოს წარმატებული პლანეტარული მასშტაბით, მაგრამ არა ცალკეული ქვეყნის ჩარჩოებში [15]. შეიძლება დავეთანხმოთ მათ იმაში, რომ „არსებობს დამატებითი რისკი, როდესაც „მწვანე ეკონომიკაზე’’ გადასვლის საბაბით შეიძლება გამართლებულ იქნეს ქვეყანაში ცალმხრივად შემოღებული სავაჭრო პროტექციონიზმის, მაგალითად, პროდუქციის გამოყენების კვოტების ან ნორმატივების დადგენა“ [4].

      „მწვანე“ ეკონომიკის“ განვითარება   წინააღმდეგობრივი ხასიათისაა. ასე მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო) 2018 წლის მოხსენებაში აღიარებს, რომ ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების დარგებში „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების შედეგად შემცირდება დაახლოებით ერთი მილიონი სამუშაო ადგილი.  ამასთან, როგორც აღნიშნულია შსო-ს იმავე მოხსენებაში, მხოლოდ 2 გრადუსით გლობალური დათბობის შეზღუდვის ზომების ხარჯზე დამატებით შეიქმნება 6 მლნ სამუშაო ადგილი, ხოლო მსოფლიოში „მწვანე ეკონომიკის“ განვითარება მომავალში საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ 24 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი [3]. მსოფლიო ეკონომიკის განვითარებამ მიგვიყვანა გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისამდე. ამ პირობებში „მწვანე ეკონომიკა’’, რომელიც განიხილება, როგორც ბუნების ნაწილი და რომელიც ამოცანად ისახავს ბუნების ეკონომიკის მართვას, ხდება მდგრადი განვითარების მთავარი ვექტორი.

      მნიშვნელოვანია „დეკაპლინგის ეფექტის“ მიღწევა, რომლის მიხედვითაც „მწვანე ეკონომიკაში“ ინვესტიციების ზრდა  იძლევა შესაძლებლობას, განვახორციელოთ ეკონომიკური ზრდა ეკოლოგიური ზარალის გარეშე [21], რაც მიიღწევა „მწვანე“ ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯზე. UNEP-ის  მონაცემების თანახმად, „მწვანე“ ზრდის სცენარის რეალიზაციის შედეგად, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიური ინვესტიციების დაბანდებას გარემოს დაცვაში მსოფლიო მშპ-ის 2% ოდენობით, ზრდის პოტენციალმა უნდა გადაამეტოს „ჩვეულებრივი ბიზნესის (business as usual) ზრდის ტემპებს   7 წელიწადში, დროთა განმავლობაში კი უფრო სწრაფადაც“ [6].   BNEF  (Bloomberg New Energy Finance) პროგნოზით, 2017-2040 წლებში ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეებში დაბანდებული ინვესტიციები მთელ მსოფლიოში გადაამეტებს 10 ტრლნ დოლარს, რომელთაგან 72% მიმართული იქნება ენერგიის განახლებადი წყაროებისკენ [8].

    გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელმაც წარმოადგინა „მწვანე ტექნოლოგიების ატლასი - 2018“, „მწვანე“ ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 2016 წლიდან 2025 წლამდე გაიზრდება 3,2 ტრლნ-დან 5,9 ტრლნ ევრომდე,  ყოველწლიურად   6,9%-ით, რაც 2-ჯერ აღემატება მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპებს.

     „მწვანე ეკონომიკის“ არსი უფრო სრულად  აისახება ისეთ ცნებებში,  როგორიცაა „მწვანე“ ზრდა, „ორგანული სოფლის მეურნეობა“, „მწვანე“ სამუშაო ადგილები, „მწვანე“ შესყიდვები, „მწვანე“ ფინანსირება, „მწვანე“ ობლიგაციები, „მწვანე“ ინოვაციები და სხვა. „მწვანე“ მიღებულია, ვუწოდოთ საქმიანობის ისეთ სახეებს, რომლებიც ემსახურება გარემოს დაცვას, მის აღდგენას და ეკონომიკის „მწვანე“ სექტორების განვითარებას. „მწვანე ეკონომიკის’’ გაფართოებასთან ერთად გაიზრდება „მწვანე“ სამუშაო ადგილების რაოდენობა. „მწვანე“ ზრდის ქვეშ, ჩვეულებრივ, იგულისხმება მშპ-ის ისეთი ზრდა, რომელიც ხდება „მწვანე“ პირობებში და ეყრდნობა ეკონომიკის „მწვანე“ სექტორებს. ორგანული პროდუქტების მსოფლიო ბაზარი ყოველწლიურად იზრდება 20%-ით და 2020 წლისთვის მან შეიძლება მიაღწიოს  200-250 მლრდ აშშ დოლარს [6].

    2009 წელს ეკონომიკური განვითარებისა და თანამეგობრობის (ეთგო)-ს ქვეყნებმა მიიღეს ეკოლოგიურად ორიენტირებული „მწვანე“ ზრდის სტრატეგია, როგორც საშუალოვადიანი (2030 წლამდე) და გრძელვადიანი (2050 წლამდე) ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ინსტრუმენტი. სამხრეთ კორეამ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო გადასვლა „მწვანე  ეკონომიკაზე“, სადაც განვითარების ეროვნულ სტრატეგიად არჩეულ იქნა „მწვანე“ ზრდა. „მწვანე ეკონომიკა“, როგორც სახელმწიფოებრივი განვითარების კურსი, აღიარა ჩინეთის მთავრობამ, რაც დაადასტურა ჩინეთის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობაზე (1917) [5]. „მწვანე“ განვითარება პრიორიტეტული ხდება ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ამ ქვეყნებში ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდაჭერა წარმოადგენს „მწვანე“ ზრდის ერთ-ერთ  პრიორიტეტს.  ევროკავშირის ქვეყნების ეკოლოგიური ინდუსტრიის წლიური ბრუნვა შეადგენს 300 მლრდ ევროს [6].

     „მწვანე ეკონომიკაზე’’ გადასვლა ამცირებს ისეთი გლობალური საფრთხეების რისკებს, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება,  ეკოსისტემის დაბინძურება და წყლის  რესურსების დეფიციტი და სხვა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება  და „მწვანე ეკონომიკის’’ ფორმირება 

    პოსტსაბჭოურ ქვეყნებში „მწვანე ეკონომიკის“განვითარების მისაღწევად  აუცილებელია გატარდეს ცვლილებები  სახელმწიფო სამრეწველო და ინოვაციურ პოლიტიკაში, მოხდეს ეკონომიკური ზრდის მოდელების ტრანსფორმაცია. ამ ქვეყნების ეკონომიკის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მასში ძირითად წილს შეადგენს ის დარგები, რომლებიც გამოირჩევა გარემოზე დიდი ზემოქმედებით, ხოლო მშპ-ის ნამატი მიიღწევა სამთო მადნეულის მოპოვების,  გადამამუშავებელი წარმოებების და არა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გამოშვების ხარჯზე. საჭიროა გადასვლა  წარმოების ისეთ ტიპზე, რომელშიც „მწვანე“ ტექნოლოგიები პრიორიტეტულია.

    „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფცია არ ცვლის მდგრადი განვითარების კონცეფციას, მაგრამ მეცნიერები და პრაქტიკოსები აღიარებენ, რომ მდგრადობის მიღწევა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაზე. ამასთანავე, „მწვანე ეკონომიკის“ საფუძვლად გამოდის ენერგეტიკის მოდერნიზაცია, რომლის ბირთვს წარმოადგენს ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, რომლებიც იძლევა არა მარტო ენერგეტიკის პრობლემების, არამედ ეკოლოგიისა და ცივილიზაციის მომავლის საკითხების გადაჭრის შესაძლებლობას.

          „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების ტენდენციები ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხასიათდება მზარდი დინამიკით. ასე მაგალითად,  ბელარუსში  2015 წლიდან 2019 წლამდე განხორციელდა „მწვანე ეკონომიკაზე’’ რესპუბლიკის  გადასვლისათვის ხელშეწყობის პროექტი“, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 5 მლნ ევროს, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და მისი რეალიზაცია ხდებოდა გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად [8]. პროექტის რეალიზაციის შედეგად  მოხდა 270 ადამიანის დამატებითი დასაქმება; პორტალის - „მწვანე ბარათი“ - დამუშავება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური ობიექტების შესახებ [10]. 2016 წელს შემუშავდა „2020 წლამდე რესპუბლიკა ბელარუსში „მწვანე  ეკონომიკის“ განვითარების ეროვნული გეგმა“. მასში „მწვანე ეკონომიკა“ განსაზღვრულია როგორც ეკონომიკის ორგანიზაციის მოდელი, რომელიც მიმართულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაზე   ეკოლოგიური რისკებისა და გარემოს დეგრადაციის ტემპების მნიშვნელოვანი შემცირების შედეგად. დასახულია „მწვანე ეკონომიკაზე“ ქვეყნის გადასვლის 2 ეტაპი. პირველი, 2016-2020 წწ. - გადასვლა ეკონომიკის   დაბალანსებულ ზრდაზე „მწვანე ეკონომიკის’’ პრინციპებზე, მისი სტრუქტურულ-ინსტიტუციური ტრანსფორმაციის გზით. მეორე,  2021-2030 წწ. - გადასვლა სტაბილურ მდგრად განვითარებასა და ადამიანის პოტენციალის მაღალი ხარისხის მიღწევაზე ,,მწვანე ეკონომიკის“ განვითარებისა და მაღალტექნოლოგიური წარმოებების დაჩქარებული სრულყოფის საფუძველზე. ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს 14 გლობალურ და 10 ევროპულ საერთაშორისო ბუნებისდამცავ კონვენციებში, რომლებიც წარმოადგენს საფუძველს მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის და იძლევა შესაძლებლობას ყოველწლიურად საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ჩარჩოებში, ბუნებადამცავი პრობლემების გადასაჭრელად ბელარუსმა  მიიღოს დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი.  პროექტის -„რესპუბლიკა ბელარუსის სატყეო სექტორის განვითარების“ - რეალიზაცია ხორციელდება 40,7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის  მსოფლიო ბანკის კრედიტისა და მასთან დაკავშირებული 2,7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გლობალური ეკოლოგიური ფონდის გრანტის ხარჯზე [5]. „ეროვნული გეგმის“ რეალიზაციის შედეგად უნდა მოხდეს „მწვანე ეკონომიკისა’’ და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პრინციპებზე განხორციელებული ეროვნული ეკონომიკის ეტაპობრივი გარდაქმნა, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური ინტერესების ჰარმონიზაცია.

    ყირგიზეთმა2013 წელს მიიღო „ყირგიზეთის რესპუბლიკის მდგრად განვითარებაზე გადასვლის პროგრამა 2013-2017 წლების პერიოდზე“. 2016 წლის მაისში გარემოს საკითხებში გაეროს ასამბლეაზე (UNFA-2) (ნაირობი, კენია),  ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდა გაეროს ინიციატივას „PAGE“ (Partnership for action on green economy) – „პარტნიორობა მოქმედებებისთვის ,,მწვანე ეკონომიკის’’ ინტერესებში“. ეს ინიციატივა შეიქმნა ხუთი სააგენტოს მიერ: გარემოს საკითხებში გაეროს პროგრამით (UNEP), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციით (შსო), გაეროს ორგანიზაციით სამრეწველო განვითარების საკითხებში (UNIDO), გაეროს განვითარების პროგრამით (PROON) და გაეროს ინსტიტუტით სწავლებისა და კვლევების საკითხებში (UNITAR). 11 ქვეყანა ოფიციალურად არის პარტნიორი და იღებს პირდაპირ დახმარებას PAGE-ს მხრიდან: მონღოლეთი, პერუ, ბურკინაფასო, ჩინეთი, განა, მავრიკია, სენეგალი და სამხრეთ აფრიკა, ყირგიზეთი, ბრაზილია, ბარბადოსი. ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტროს  განზრახული აქვს, შეიმუშაოს „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლის კონცეფცია, რომელსაც საფუძველად  უნდა დაედოს „მწვანე“ სტანდარტები. ამჟამად განსაზღვრულია ყირგიზეთის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები PAGE-ის ინიციატივის ჩარჩოებში [11].

    სომხეთშიჯერ არ არის მიღებული „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგია, მაგრამ 2017 წლის შედეგებით ენერგიის განახლებადი წყაროების (ეგწ) წილი ქვეყნის ენერგობალანსში  შეადგენდა 32,5%. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში: ბელარუსში ეგწ იკავებდა 4%, ყაზახეთში - 1,3%, ყირგიზეთში - 0,1% და რუსეთში - ქვეყნის ენერგობალანსის 19% [12].

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით დაიწყო მუშაობა „მწვანე“ ზრდის პოლიტიკის სტრატეგიაზე. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად მომზადებული „მწვანე ეკონომიკის“ ზრდის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის შემდეგ სტრატეგიიის შესამუშავებლად შემდეგი დონორი ორგანიზაციები მონაწილეობენ: ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკების გამწვანების პროექტი (EaP GREEN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP). ,,მწვანე’’ ზრდის სტრატეგიის დოკუმენტმა უნდა მოიცვას ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, განათლების სექტორები, აგრეთვე ამ სექტორებში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი დაფინანსების საკითხები. საქართველო უკვე მიუერთდა ,,მწვანე’’ ზრდის დეკლარაციას“. დეკლარაციას მიერთებულ ქვეყნებში ერთდროულად უნდა იყოს გათვალისწინებული ორივე მიმართულება „მწვანე“ და „ზრდა“. ასევე, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ,,მწვანე’’ ინვესტირებას. ამასთან, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ,,სახელმწიფო წაახალისებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას  და  ,,მწვანე ეკონომიკის’’  განვითარებას“. 

დასკვნა

„მწვანე ეკონომიკა“ წარმოადგენს როგორც მსოფლიო ეკონომიკის, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკის სტრატეგიულ მიმართულებას. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ეკოლოგიურ ურთიერთობათა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ ნორმატიული  აქტების შექმნა, რომლებიც იძლევა ეკოლოგიური კანონმდებლობის უნიფიცირებისა და ჰარმონიზაციის შესაძლებლობას, მათ შორის „მწვანე ეკონომიკის“ დარგში.  პოსტსაბჭოთა  ქვეყნებში „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ეკოლოგიური   ტექნოლოგიების“ განვითარებას. „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იქცეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მდგრადი განვითარების მოდელად.    

გამოყენებული ლიტერატურა

1. Pearce, D. Blueprint for a Green economy / D. Pearce, A.Markandya, E.Barbier. London E: Earthscan Publications Ltd., 1989. 192 p.

2. Глобальный «зеленый» новый курс: доклад UNEP. — 2009. http://greenlogic.by/content/files/GREENTRANSPORT/UNEP90_RUS

3. The Green Economy Pocketbook: the case for action. — London: Green economy coalition? 2012. 58p.

4. Фюкс Р. Зеленая революция: Экономический рост без ущерба для экологии / Пер. с нем. М:2018.330c.

5. Berishvili Kh. (2017). Contradictory character of the process of liberalization and integration of economic relations and influence of this process on the countries with small economy. 6th Business & Management Conference, Geneva.

6. G20 Green Finance Study Group G20 Green Finance Synthesis Report, 15.07.2016.URL: http://unepinquiry.org/wp-content/uploads/2017/07/2017_GFSG_Synthesis_Report_EN.pdf

7. Princioles for Responsible Investment. URL: http://www. unpri.org

8. Проект «Содействие переходу Республики Беларусь к «зеленой» экономике».

9. Гаврыш В. «Зеленая» экономика в Беларуси есть! // Белорусская лесная газета. — 2017. — 7.12. — № 49(1175).

http://lesgazeta.by/news/vsled-za-sobytiem/%c2%abzelenaja%c2%bb-jekonomika-v-belarusi-est

10. Национальный план действий по развитию «зеленой» экономики в Республике Беларусь до 2020 года. http://www.pravo.by/upload/docs/op/C21601061_1482872400.pdf

11. Аманова А.О государственных мерах по продвижению зеленой экономики в Кыргызской Республике.

www.unido.org/sites/default/files/files/2017–12/P2_3_Kyrgystan_Amanova.pdf

12. ЕЭК систематизирует работу по энергоэффективности и «зеленой» энергетике в ЕАЭС. https://www.alta.ru/ts_news/61126/